ავტორი:

"დღისით, მზისით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, რა არის კონსპირაციული?!" - კობახიძე ღარიბაშვილი-აზარაშვილის შეხვედრის კადრებზე

"დღისით, მზისით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, რა არის კონსპირაციული?!" - კობახიძე ღარიბაშვილი-აზარაშვილის შეხვედრის კადრებზე

დღისით, მზისით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, რა ვიცი, რა არის კონსპირაციული?! არ მგონია, რომ აქ რამე კონსპირაციული იყოს, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული კადრები, რომელზეც, მათი მტკიცებით, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის შავნაბადაზე შეხვედრის მომენტია ასახული.

"მე არ მგონია, რომ ეს შეხვედრა კონსპირაციული იყო. რეალურად ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი შეხვედრები, იქნება ეს პარტიის ოფისში თუ სხვაგან, შესაბამისად, აქ, მე მგონი, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ სპეკულაციები იყოს. დღისით მზისით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, რა ვიცი, რა არის კონსპირაციული ?! არ მგონია, რომ აქ რამე კონსპირაციული იყოს“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა მას მოსმენების და საკომუნიკაციოდ რა აპლიკაციებს იყენებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ არც მას და გუნდის არცერთ სხვა წევრს შიშები არ აქვთ.

"არც მე, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც რომელიმე სხვა გუნდის წევრს, არ მგონია, რომ რამე შიშები ჰქონდეს, ამიტომ, არ მგონია, რომ ამ კითხვას ჰქონდეს საფუძველი. სტანდარტული აპლიკაციები რაც არის, იმას ვიყენებ როგორც სხვა ჩვენი თანამოქალაქე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა კადრები, რომელზეც, მათი თქმით, ყოფილი პრემიერისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის შავნაბადაზე შეხვედრის მომენტია ასახული.