ავტორი:

"დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია" - კობახიძე

"დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია" - კობახიძე

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა დავით ხიდაშელს არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა.

"როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე დავით ხიდაშელს წვდომა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოოდ, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. ეს არის ის, რაც მოხდა. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებული იყო ევტუშენკოვთან, რომელიც ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირია. არ მგონია, აქ სპეკულირების საფუძველი იყოს. ევტუშენკოვი პირდაპირ არის დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ევტუშენკოვთან კავშირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ზედმეტია.

"ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირშია ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, მგონი აქ სპეკულაციები ზედმეტია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა.

აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა.

"ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.

უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.