ავტორი:

"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდაო" - რას ამბობდა გალაკტიონი ცოლზე, ტიციანზე და რა სტკენდა გულს? უცნობი ამბები პოეტების მეფის ცხოვრებიდან

"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდაო" - რას ამბობდა გალაკტიონი ცოლზე, ტიციანზე და რა სტკენდა გულს? უცნობი ამბები პოეტების მეფის ცხოვრებიდან

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძე სამუდამოდ დაემშვიდობა ამქვეყნიურ სინამდვილეს, მიწიერ ყოფას და მარადისობაში გადავიდა. 17 მარტი, გარკვეული აზრით, შესაძლებელია, გენიალური პოეტის მეორედ დაბადების თარიღადაც მივიჩნიოთ, რადგან ამ დღიდან იწყება გალაკტიონის საყოველთაო აღიარება. მოხდა ზუსტად ისე, როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთ ბოლო შედევრში: "ვინა სთქვა შენი გარდაცვალება? არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე".

  • გალაკტიონის გარდაცვალებიდან 65 წელი გავიდა. მისი პოეზია დღესაც ისე უკიდეგანოდ აღაფრთოვანებს მკითხველს, როგორც ათწლეულების წინ. შესაბამისად, დიდია ინტერესი პოეტის ცხოვრებისეული ფაქტების მიმართაც.

სწორედ გალაკტიონის ბიოგრაფიის დღემდე უცნობ ასპექტებზე გვესაუბრება "გალაკტიონის კვლევის ცენტრის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი, ნათია სიხარულიძე

- ჩვენი საუბარი გალაკტიონის გარდაცვალების თარიღს დაემთხვა, ამიტომ ამ თემით დავიწყოთ. 1959 წლის 17 მარტს პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რას გვეტყვით, როგორი იყო გალაკტიონის ცხოვრების უკანასკნელი წლები და რაც არანაკლებ საინტერესოა, რამ აიძულა გენიალური პოეტი გადაედგა ეს ნაბიჯი?

- "მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის", - ვკითხულობთ გალაკტიონის ცნობილ ლექსში. ამ სტრიქონის დაწერიდან დაახლოებით ოცდაათი წლის შემდეგ, გენიალურმა პოეტმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა. ეს ნაბიჯი, მისი მხრივ, არსებული სინამდვილის მიმართ პროტესტის უკიდურესი ფორმა იყო. ტრაგიკული თარიღიდან დღემდე მრავალი წელი გავიდა და მაინც, კვლავ აქტუალურია კითხვა: რამ განაპირობა გალაკტიონის თვითმკვლელობა. მიზეზი ბევრი იყო, თუმცა ამჯერად ერთს დავასახელებ. ბოლო წლების განმავლობაში გალაკტიონი უკიდურეს მარტოობას გრძნობდა, საშინლად აწუხებდა ის გულგრილობა, რასაც მის მიმართ იჩენდნენ. სიცოცხლის უკანასკნელი წლები განსაკუთრებით რთული და მძიმე გამოდგა მისთვის. ბევრს ახსოვს თბილისის ქუჩების, პარკების, სასადილოების მუდმივი სტუმარი - მიუსაფარი, უბინაო გალაკტიონი, რომელსაც "შინ" დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა. უთქვამს კიდეც ერთი ნაცნობისთვის: ჩემს სახლში ჩემი ადგილი არააო. ლექსადაც აქვს ნათქვამი – მის ერთ-ერთ ბოლო ლექსში ასეთ სტრიქონებს ვკითხულობთ:

"ვთქვი: ჩიტსაც კი აქვს თავისი ზღუდე,

მე კი – მოხეტემ კიდითი კიდის,

არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის,

და მაინც უნდა ამ გზებს გავუდგე"...

- არსებობს აზრი, რომ გალაკტიონის თვითმკვლელობა უნდა შეფასდეს, როგორც პოეტის თვითმკვლელობამდე მიყვანა. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეასრულა გალაკტიონის თვითმკვლელობამდე მიყვანაში იმდროინდელმა ხელისუფლებამ და, ზოგადად, როგორი ურთიერთობა ჰქონდა პოეტს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

- დღემდე გრძელდება კამათი: ეს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი თვითმკვლელობა იყო თუ პოეტის თვითმკვლელობამდე მიყვანა ანუ მკვლელობა. ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება თანდათანობით ბოლო ვერსიისაკენ იხრება. გალაკტიონოლოგი თეიმურაზ დოიაშვილი პოეტის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ წერს: "ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს იყო მკვლელობა. ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველოში გასროლის გარეშე განმეორდა წიწამური. კონკრეტული დამნაშავე არ უძებნიათ, არც ობელისკი აღუმართავთ მკვლელობის ადგილზე. 1959 წლის 17 მარტი ყოველთვის უნდა ქენჯნიდეს ქართველ საზოგადოებრიობას, თუ ის სინდისთან კომპრომისზე არ წავა". ვფიქრობ, ეს სიტყვები თქვენს კითხვაზე პასუხსაც მოიცავს.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან დამოკიდებულებას: გალაკტიონი ავტორია არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეული ანტისაბჭოთა ტექსტისა. ჩემი აზრით, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. მკითხველისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ გალაკტიონმა 1924 წელს გამოაქვეყნა ბოლშევიკთა მამხილებელი პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“, სადაც აშკარად იყო მინიშნებული იმაზე, თუ როგორ არაადამიანურად ჩაახშეს 1924 წლის აჯანყება, რომლის მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.

პოემის გამოქვეყნების შემდეგ გალაკტიონი დააპატიმრეს და სასწაულებრივად გადაურჩა დაღუპვას, ხოლო ჟურნალის ტირაჟი თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ხშირად აღნიშნავენ, რომ გალაკტიონს ხელისუფლებისგან ყურადღება არ აკლდა. ვფიქრობ, მრავლისმთქმელია ის თუ, როგორ ექცეოდა გალაკტიონი ამ ყურადღებისა და დაფასების გამომხატველ უმაღლეს კომუნისტურ ჯილდოს - ლენინის ორდენს. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ორდენს პოეტი ჭიქა არყის საფასურის ნაცვლადაც კი ტოვებდა. ცხადია, ორდენისადმი დამოკიდებულებით გალაკტიონი საბჭოთა ხელისუფლებისადმი საკუთარ განწყობილებას გამოხატავდა.

- გალაკტიონის უკიდურესი მარტოობა ახსენეთ. ცნობილია, რომ პოეტი ბავშვობიდანვე მარტოსულობისკენ იყო მიდრეკილი, სიჭაბუკეშიც თავს არიდებდა ხალხმრავალ შეკრებებს, არც მეგობრების სიუხვით გამოირჩეოდა. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას სხვა პოეტებთან? თუნდაც მის ბიძაშვილთან, "ცისფერყანწელ" პოეტთან, ტიციან ტაბიძესთან...

- გალაკტიონი და ტიციანი მკვიდრი ბიძაშვილები იყვნენ. მათ სისხლისმიერ სიახლოვეს პოეზიისადმი უსაზღვრო სიყვარული კიდევ უფრო ამტკიცებდა და ამძაფრებდა. "ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი“, - წერს ტიციანი უფროსი ბიძაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში.

ლექსების წერა ორივემ ბავშვობიდან დაიწყო. პირველი მკითხველები და შემფასებლებიც თვითონვე იყვნენ. ტიციანს ხიბლავდა და ახარებდა უფროსი ბიძაშვილის წარმატება.

გალაკტიონისა და ტიციანის გზები "ცისფერყანწელთა" ჯგუფის დაარსების შემდეგ თანდათან გაიყარა. იყო უთანხმოებაც, კონფლიქტიც, მაგრამ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა მაინც შეინარჩუნეს. თუმცა, ბუნებრივია, გული სწყდებოდათ, ძველებური ურთიერთობა რომ აღარ ჰქონდათ. გალაკტიონის ჩანაწერს გავიხსენებ, - ერთდროულად სახალისოც რომ არის და ოდნავი სევდაც ახლავს:

"ტიციანს თავს დასხმიან მძარცველები, პალტო უნდა გაეხადათ, მაგრამ ტიციანი ყოჩაღად დახვედრია, არ დაბნეულა, უყვირია: - მე პოეტი ტაბიძე ვარ, არ გრცხვენიათ, თქვენს პოეტს ძარცვავთო?

მძარცველებს უკითხავთ: მართლა გალაკტიონი ბრძანდებითო?

- ჰო, მართლა გალაკტიონი ვარ, - უპასუხია ტიციანს. მძარცველებს იმ წამსვე ბოდიში მოუხდიათ და თავი დაუნებებიათ.

ასე გადავარჩინე ჩვენი ტიციანელო, ჩემი სისხლით ნათესავი, მარა მაინც არ არის ჩემი კმაყოფილი..." - ამ სიტყვებით ასრულებს გალაკტიონი თავის ჩანაწერს.

- რადგან ტიციანი ვახსენეთ, გკითხავთ. როგორც ვიცით, "ცისფერყანწელთა" ჯგუფის წევრებმა სახელები შეიცვალეს, საკუთარ სახელთა თანამედროვე ვერსიები დაირქვეს, ამის შედეგად ტიტე ტაბიძე ტიციანად მოგვევლინა, პავლე იაშვილი პაოლოდ და ა.შ. მსგავსი რამ ხომ არ მოხდა გალაკტიონის შემთხვევაში? არსებობს გავრცელებული ფორმა გალაქტიონი. როგორ ჩაენაცვლა "ქ"-ს "კ"? რატომ მოითხოვდა დაეწერათ გალაკტიონი და არა გალაქტიონი?

- "ცისფერყანწელთა" სახელების ტრანსფორმაციასთან ამ საკითხს არანაირი საერთო არ აქვს. იმას კი დაგიდასტურებთ, რომ გალაკტიონი ნამდვილად ძალიან განიცდიდა თუ გალაკტიონის ნაცვლად "გალაქტიონს" დაწერდნენ. ერთი მოგონების მიხედვით, გალაკტიონისთვის უნივერსიტეტიდან მოსაწვევები მოუტანიათ, ახალგაზრდები საიუბილეო საღამოს უმართავდნენ პოეტს. მოსაწვევ ბარათებს "გალაქტიონი“ ეწერა. ამ შეცდომამ პოეტს გული ატკინა: – არ წავალ ამ საღამოზეო, - ესეც კი უთქვამს, თუმცა ბოლოს მეუღლისა და მდივნის დაჟინებული თხოვნით მკაცრი გადაწყვეტილება შეცვალა.

სახელ "გალაკტიონთან" დაკავშირებით კიდევ არაერთი საინტერესო რამ შეიძლება გავიხსენოთ. მაგალითად, 1917 წლის მარტში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: გაზეთში "სოციალ-დემოკრატი“ გამოქვეყნდა "დროშები ჩქარა!“ ხელმოწერით - გალაკტიონი. იმ დროისათვის და განსაკუთრებით შემდეგ წლებში, ამგვარი ხელმოწერა მხოლოდ ავტორის სახელის მითითება, მიღებული არ იყო, რის გამოც გალაკტიონი ხშირად აწყდებოდა წინააღმდეგობას. წლების შემდეგ, უკვე მხცოვანი და მრავალი ტიტულის მქონე პოეტი თავის თანაშემწეს, ლიტერატურულ მდივანს, გიორგი ჩიქობავას ეტყვის: "ბავშვობიდან მომწონდა ჩემი სახელი "გალაკტიონი“ და აკი ერთხანს ჩემს ლექსებს მხოლოდ სახელს ვაწერდი. ზოგს არ მოეწონა ეს – შოთას, ილიას, აკაკის და ვაჟას ჰბაძავსო. რა, ცუდი პოეტებისათვის მიმიბაძავს? ახლა სახელსაც ვაწერ, გვარსაც, სახალხო პოეტობასაც, ვითომ ეს უფრო თავმდაბლობაა? ქართველი მკითხველი კი თავისას არ იშლის, მხოლოდ სახელით მახსენებს".

- თქვენი საქმიანობა ძირითადად გალაკტიონის შემოქმედების კვლევას, მისი ხელნაწერების შესწავლას უკავშირდება. ხომ ვერ გაგვიმხელდით პოეტის შესახებ ისეთ ფაქტს, რაც საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი?

- უკვე თოთხმეტ წელზე მეტია, რაც "გალაკტიონის კვლევის ცენტრში" ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში გალაკტიონთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი გაირკვა. განსაკუთრებით საინტერესო პოეტის ავტოგრაფების შესწავლაა: ხელნაწერები მართლაც უამრავ საიდუმლოს ინახავს. გავიხსენებ ერთ ასეთ შემთხვევას:

გალაკტიონის პირველი მეუღლე, ოლია ოკუჯავა ორჯერ გადაასახლეს. გალაკტიონი, ბუნებრივია, ძალიან განიცდიდა ოლიას გადასახლებას. როგორც პოეტის ხელნაწერების შესწავლამ ცხადყო, გარდა ყველასათვის ცნობილი ლექსისა "უკანასკნელი მატარებელი", გალაკტიონს სხვა ლექსიც მიუძღვნია მისთვის უმძიმესი ფაქტისთვის. ეს არის უსათაურო ტექსტი "ალბათ, იმიტომ ხომალდის აფრით", რომლის ავტოგრაფშიც პირდაპირაა გამოხატული წუხილი, რომ უძვირფასეს ადამიანს დაშორდა თან ისე, რომ დამშვიდობება ვერ შეძლო:

"ვერ მოვახერხე შენთვის ვერაფრით -

უკანასკნელი მეთქვა მშვიდობით"...

… ამავე ლექსის ხელნაწერში ასეთი სტრიქონებიც იკითხება:

"მდინარის პირად ღერები ხმელი

და მდინარიდან ფერები შვინდა,

შენ აღარ მიცდი, შენ აღარ მელი,

შენთან შეხვედრა აღარც მე მინდა".

რატომ უნდა ეთქვა მსგავსი რამ გალაკტიონს გადასახლებული მეუღლის შესახებ? რას ნიშნავს სიტყვები: "შენ აღარ მიცდი, შენ აღარ მელი, / შენთან შეხვედრა აღარც მე მინდა"? ამ სტრიქონების ახსნა, ვფიქრობ, ლიდია მეგრელიძის ერთი მოგონების საშუალებით არის შესაძლებელი. ლიდია იხსენებს:

"გალაკტიონი დიღმის ხიდიდან გადავარდა, ფეხი მოიტეხაო, – მითხრეს. მე იმ წამსვე გავქანდი საავადმყოფოსკენ... ის იჯდა ლოგინზე ძალზე გაფითრებული და დაღონებული.

– იცი, ლიდია? – მითხრა მძიმე ხმით, – ოლია ოკუჯავა გადაასახლეს, არ დამემშვიდობა... აი, სახლის გასაღები დამიდო მაგიდაზე და მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე ვისთანაც გინდა და როგორც გინდაო... გაბრუნდა... წავიდა...“.

ოლიას სიტყვებიდან ჩანს, მან იცის, რომ გალაკტიონის ცხოვრებაში უკვე სხვა ქალი არსებობს, სწორედ ამის გამო იქცევა ასე. გალაკტიონსაც გაცნობიერებული აქვს, ოლია რომც დაბრუნდეს, მათი ცხოვრება ძველებურად ვეღარ გაგრძელდება.

სწორედ ეს ამბებია არეკლილი ჩემ მიერ ნახსენებ ლექსში და მის ხელნაწერში.

გალაკტიონისა და იმ დროისათვის ცნობილი საბავშვო მწერლის, ლიდია მეგრელიძის ურთიერთობა, მათი საიდუმლო სიყვარული, ცალკე საუბრის თემაა. ამაზე სხვა დროს...