ავტორი:

"ლამარას რაღაცით ვგავდი - ისიც გაუთხოვარი, წესიერი, ერთგული იყო... ახლა სკოლაში ვასწავლი" - ზუგდიდელი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა: რას საქმიანობს ლამარა ჩცდ-დან

"ლამარას რაღაცით ვგავდი - ისიც გაუთხოვარი, წესიერი, ერთგული იყო... ახლა სკოლაში ვასწავლი" - ზუგდიდელი მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა: რას საქმიანობს ლამარა ჩცდ-დან

"ჩემი აზრით, ლამარა დადებითი პერსონაჟი იყო და სახასიათო. მას მერე, რაც სერიალში მეგრელების სცენები გამოჩნდა, განსაკუთრებით გრიშა კაკაჩიასი და ლამარასი, მაყურებელმა შეგვიყვარა. ალბათ იმიტომ, რომ ბუნებრივი სცენები გამოგვივიდა" - გვეუბნება მსახიობი მარინა დარასელია, რომელიც პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გრიშა კაკაჩიას მოახლის როლს შესანიშნავად ასრულებდა. ბოლო დროს ეს გმირი "დაქალებში“ აღარ გამოჩენილა და არც მეგრული ხაზი გაუაქტიურებია გადამღებ ჯგუფს.

რას საქმიანობს მარინა დარასელია, როგორ ცხოვრობს და რა ნატვრა აქვს, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მე და დათო კვირცხალია გადაღებებზე რაღაცებს ექსპრომტადაც ვაკეთებდით, ესეც უხდებოდა, რადგან ბუნებრივი იყო და ლამაზად ჯდებოდა სცენარში... მთელი თბილისი მეუბნებოდა, სადაც არ უნდა მივსულიყავი და გამევლო (დღემდე გრძელდება), რომ კარგი პერსონაჟი ხართ, ქალბატონო ლამარა, ვგიჟდებით თქვენზე, გვიყვარხართ... ეს რამხელა ბედნიერებაა, რომ მაყურებელს ასე უყვარხარ და გაფასებს. დათო კვირცხალიამ ხომ გრიშა კაკაჩიას საოცარი პერსონაჟი შექმნა. მეგრულში არის ასეთი სიტყვა "სკუმონტილი", რაც ცოტა პედანტს, ცოტა კირკიტა ადამიანს ნიშნავს, ქართულად ზუსტი თარგმანიც არ არის. ამ სიტყვას მხოლოდ მეგრელები გაიგებენ. მოკლედ, გრიშა კაკაჩია ზუსტად „სკუმონტილი კოჩია“, არაჩვეულებრივი იყო...

- ერთმანეთისთვის უცხო მსახიობები გადასაღებ მოედანზე ასე გადაიკვეთეთ და საოცარი ტანდემი შექმენით...

- უსიტყვოდ ვხვდებოდით, ვის რა გვინდოდა, ერთი დუბლი არ გაგვიფუჭებია. პატარა ბავშვივით ვსწავლობდი ტექსტს, რომ პარტნიორი არ შემეწუხებინა. იმდენად ვიყავი ამ როლში ჩართული და იმდენად ორგანული ვიყავით ორივენი, გადაღების მიღმაც ზოგჯერ მეგონა, ისევ ლამარა ვიყავი.

- თქვენთან ლამარა თავისი თვისებებით ახლოს ხომ არ იყო და თუ გენატრებათ?

- ცოტა რაღაცით კი ვგავდი - ისიც გაუთხოვარი, წესიერი, ერთგული, ადამიანის პატივისმცემელი ქალი იყო, თუმცა რაღაცებითაც არ ვგავდით... ლამარა როგორ არ მენატრება. ზოგადად გადაღების პროცესიც მენატრება - შესანიშნავ მსახიობებთან ერთად ვთამაშობდი. დათო კვირცხალია, ლაურა რეხვიაშვილი, ახალბედა ნიჭიერი მსახიობებთან მიწევდა თამაში. მაყურებელს ვუყვარვართ, მთელი თბილისი, ისრაელი, ქართველი ემიგრანტები დღემდე მირეკავენ, - სად ხართ? რატომ არ ჩანს გრიშა და ლამარა. ვეუბნები, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუ სცენარისტმა არ დაწერა, სერიალში როგორ აღმოვჩნდებით-თქო?!. ახლა ვოცნებობ, ნეტავ, სხვა სერიალში, ან ფილმში გადამიღებდნენ. სულ ლამარა ხომ არ ვიქნები.

ამიტომ, მინდა, მარინა დარასელიამ ეკრანზე სხვა სახეც შექმნას... თეატრის მსახიობი ვარ, ჩემი როლები სპექტაკლებში სულ განსხვავებული კია, რაც მიხარია, რომ მარინა დარასელია მუდმივად სხვადასხვა სახეს ქმნის. ჩვენ თეატრში თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2022 წელს დაიდგა, სადაც ეთეროს როლი ვითამაშე, მეგრელი ქალის სახე შევქმენი. სანამ როლზე დავიწყებდი მუშაობას, რატომღაც ეგონათ, ლამარას არ დაემსგავსოს, რადგან ეთერო მეგრელი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ჩიკვაიძემ (გრიბოედოვის თეატრის რეჟისორი) მეგრელი ქალი მათამაშა, ჩემი ეთერო სულ სხვა პერსონაჟი გამოვიდა. აბსოლუტურად განსხვავებული მარინა დარასელია ვიყავი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის პრიზი მომცეს, ასევე თანხითაც (1000 ლარი) დამაჯილდოვეს. ამ სპექტაკლს კიდევ 2000 ლარი აჩუქეს.

- კმაყოფილი ხართ პროფესიის არჩევით და შემდგომ თქვენი განვლილი გზით?

- ძალიან ბედნიერი ვარ. რომ არა ეს პროფესია, სხვა რამეს ალბათ ვერც შევძლებდი. წარმოიდგინეთ, როგორია ჩვენი ცხოვრება, რამდენი ადამიანი ვარდება დეპრესიაში. ამისგან ყველას ჯვარი გვწერია, მაგრამ იმდენად გადართული ვარ ხოლმე როლებზე, რომ არა ეს პროფესია, ალბათ გავგიჟდებოდი... ქალაქში ნესტია, თეატრშიც, ამიტომ სახსრები მაწუხებს, მაგრამ სცენაზე რომ გავდივარ, დავფრინავ. ერთხელ სპექტაკლზე ექიმი დავპატიჟე და მითხრა, არ თქვა, რომ რამე მტკივაო. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი ტვინი როლზეა მთლიანად გადართული, სპექტაკლში ვარ მთლიანად, ტკივილი, და ყველანაირი წუხილი მავიწყდება.

- ზუგდიდში თეატრის გარდა რით ხარ დაკავებული?

- სასულიერო სკოლაში მეტყველების კულტურას ვასწავლი, დრამატული წრის ხელმძღვანელი ვარ. სამწუხაროა, რომ მეტყველება საჯარო სკოლებში არ ისწავლება. კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო ამაზე დაფიქრდება. ხელოვნებას კი ასწავლიან, მაგრამ სკოლაში მეტყველების კულტურა უნდა ისწავლებოდეს, ეს არათუ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც სჭირდებათ. სწორი სუნთქვა, ენის გასატეხი სავარჯიშოები, ბგერების სწორად გამოთქმა... ამაზე მუშაობა უნდა მიდიოდეს... ასე რომ, რასაც ინსტიტუტში ამ კუთხით მასწავლიდნენ, ყველა ბავშვს ისევე ვასწავლი. ახლა ესპანეთიდან ჩამოსული ბავშვი მყავდა, ხ-ს, წ-ს, ჭ-ს ვერ ამბობდა, იქ დაიბადა და გაიზარდა, ლოგოპედთან მიიყვანეს, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. მას მეტყველების პედაგოგი სჭირდებოდა. მართალია, ვიწვალე, მაგრამ ბავშვმა ყველა ის ბგერა თქვა, რასაც ვერ ამბობდა... ნეტავ, საჯარო სკოლაშიც შეიტანდნენ ამ საგანს, სიამოვნებით ვიმუშავებდი. ჩემს გაკვეთილებზე ბავშვების აქტივობაც არის, ინტერესით არიან ჩართულები, მონდომებულები არიან და კმაყოფილები. ძალიან ვუყვარვარ. ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ამასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც მარინა მასწს მეძახიან. „თეატრალურის“ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, მეტყველებას გურამ საღარაძე რომ გვასწავლიდა. ერთ ნიშანს უკლებდა იმას, ვინც ცხვირში ლაპარაკობდა, ეს არაფრით არ შეიძლებაო... მოკლედ, მეტყველება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის.

- მოგვიყევით თქვენს თეატრზე, რომელსაც ჯერჯერობით შენობა არ აქვს...

- 1982 წლიდან ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვარ, უკვე 41 წელია. თეატრი ჩემთვის არის სიცოცხლე, ცხოვრება, მეორე ოჯახი. მინდა, რომ ჩვენი თეატრის შენობა დროულად დასრულდეს, რომ მსახიობებმა ახალ თეატრში განვაგრძოთ საქმიანობა. როგორც გვეუბნებიან, მის დასრულებას კიდევ წელიწად-ნახევარი დასჭირდება. არადა, უკვე ექვსი წელიწადია გრძელდება ეს პროცესი. სულ ახალი შენობა აშენდა. არაჩვეულებრივი თეატრი იქნება, უბრალოდ ასე დააგვიანდა.

- ამ 6 წლის განმავლობაში თეატრი სად და როგორ ფუნქციონირებს?

- ბაზრის წინ, სავაჭრო ცენტრის გვერდით, არის შენობა, სადაც წარსულში რაიონის კულტურის სახლი იყო. ამ შენობაში, სადაც სპექტაკლებს ვდგამდით, სანამ დარბაზამდე მიაღწევდი, იყო სამკერვალო, მიკრო ბანკი, საშაურმე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად შიგნით რომ შედიოდი, თეატრის განწყობა იქნებოდა.120-ადგილიანი დარბაზია, მაყურებელი სულ გვყავდა. ზუგდიდს ძალიან თეატრალური მაყურებელი ჰყავს... ახლა ამ შენობაში აღარაფერია, საერთოდ შენობა კერძო პირისაა, ძველი, ავარიული ნაგებობაა და იქ თამაში სახიფათოა. თან, ცოტა ხის წინ, ძლიერი ქარის დროს ხე დაეცა. მოკლედ, იქაც ვეღარ ვთამაშობთ. ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზიამ 18 პრემიერა გამოუშვა, რაც ზუგდიდის თეატრს არ ღირსებია. მოიწვია ცნობილი რეჟისორები და საუკეთესო სპექტაკლები განხორციელდა. ისეთები, რომელიც ზუგდიდში საერთოდ არ დადგმულა. ახლა მემორანდუმი მოსწავლეთა სასახლესთან დავდეთ. იქ 20 მარტს გვაქვს სპექტაკლი. ყველა სპექტაკლს ვერა, მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც შეიძლება ვითამაშოთ.

- ზუგდიდში კიდევ რით ხართ დაკავებული?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ზუგდიდი არის თბილი ქალაქი, ასეთივე თბილი ხალხით, სადაც უამრავი მეგობარი მყავს. გარდა თეატრისა, ვჯამბაზობ, დაბადების დღეებზე დავდივარ უკვე 35 წელია, იანვარში სანტა-კლაუსი ვარ, ბავშვებს ვახარებ, ვერავინ ხვდება, რომ ქალი ვარ, ხმას ისე ვიბოხებ. თავისუფალ დროს მეგობრები ვიკრიბებით კაფეში, ან ერთმანეთის სახლებში... შინ ოთხი ჰასკი გვყავს. ამათ ვეძახი ჩემს შვილიშვილებს. ჩემი დისშვილი მათზე გიჟდება. ჩემმა სიძემ თავიდან 600 ლარად უყიდა, მერე ლეკვები შეეძინა. მათგან ორი - გოგო-ბიჭი დაგვრჩა, რომლებიც მერე იაჩომ პატარა ბავშვებივით გაზარდა. ერთიც ვიშვილეთ, თბილისელებმა გვაჩუქეს, ეს თბილისელი გოგოა, ცოტა „მორიჟაო“. ჩემი დისშვილი გადაყოლილია მათზე და საერთოდ ყველანი ბავშვებივით ვუვლით. თან როგორი ლამაზები და მოსიყვარულეები არიან. ესენი არიან ჩემი სიხარულები.

- თქვენი არაერთი ვიდეო არსებობს სოციალურ ქსელში, სადაც უკრავთ, მღერით, ცეკვავთ, რომლებსაც დიდი ნახვა აქვს. არ გინდათ, რომ ასეთი ვიდეოები ჩაწეროთ და რეგულარულად ატვირთოთ ინტერნეტში?

- ბევრი მეუბნება, მარინა შენი ვიდეო ვნახე, მოგვეწონაო. ესეც საკმარისია, რაც არის. ამ კუთხით არ ვარ დიდად დაინტერესებული, რომ ასე სპეციალურად ვიდეო ჩავწერო... მადლობა მათ, ვინც ამ ვიდეოებს უყურებს და მოსწონს.

- ქალბატონო მარინა, რა ნატვრა გაქვთ?

- ჩემი ოცნებაა იერუსალიმში წასვლა და რატომ? იქ არის ქართული თეატრი, სახელმწიფო თეატრი არ არის, მაგრამ მოქმედი ჯგუფია. მინდოდა, იქ ჩემი პროფესიით მემუშავა, ვივლიდი ჯვრის მონასტერში, მაცხოვრის საფლავს ვეამბორებოდი, ქალაქურ სიმღერებს რესტორანში ვიმღერებდი, ასევე ამ ასაკში კიდევ მინდა რაღაც როლი მაგალითად, მონოსპექტაკლში... კარგია, რაც უფრო სხვადასხვა რეჟისორთან მუშაობ. მხატვრულ ფილმშიც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი... 2012 წელს პირველად გამოვჩნდი ეპიზოდურად ეკრანზე ერთ-ერთ კლიპში გიორგი ლიფონავამ რომ გადაიღო - „მე მიყვარს სვანეთი,“ - სოფო ნიჟარაძის დედის როლი მქონდა... მოკლედ, თუ ჩემი ნაოცნებარი ამიხდება, დიდი ბედნიერება იქნება.